ფსიქოლოგის ინსტიტუტის მდგომარეობა სკოლებში
დემოკრატიის ინსტიტუტმა განათლების სამინისტროს წარმომადგენლებსა და არასრულწლოვანთა საკითხების შემსწავლელ კომისიას, საჯარო სკოლებში ფსიქოლოგის ინსტიტუტის მდგომარეობის ანალიზი გააცნო. კვლევა, რომლის შედეგებიც დღეს იქნა წარმოდგენილი, აჭარის საჯარო სკოლებში ჩატარდა. კვლევის შედეგად გაირკვა, რომ აჭარაში 235 საჯარო სკოლიდან ფსიქოლოგი მხოლოდ 18 სკოლაშია. აღმოჩნდა, რომ სკოლებში მომუშავე 18 ფსიქოლოგიდან, სკოლის ფსიქოლოგიაში სპეციალური უმაღლესი განათლება, უმრავლესობას არ მიუღია, უფრო მეტიც 15 მათგანს, არც სპეციალური კურსები აქვს გავლილი. ფსიქოლოგების ცნობით, ბავშვთან მუშაობის პროცესში, აუცილებელია სიმყუდროვე და შესაბამისი გარემოს შექმნა – ერთ ფერში შეღებილი ოთახი, ყვავილები, სათამაშოები, მაგნიტოფონი, მყუდრო დასაჯდომი ადგილი, რათა მოზარდმა შეძლოს ყურადღების მოკრება და ფსიქოლოგთან გულახდილი საუბარი. ასეთი ფუფუნება გამოკითხულთა შორის რამდენიმე სკოლის გარდა, არცერთ ფსიქოლოგს არა აქვს. დირექტორები ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავენ სკოლის ფსიქოლოგის საჭიროებასა და მნიშვნელობას, თუმცა ფსიქოლოგების არარსებობა და მათთვის სამუშაო პირობების შექმნა სირთულეებთან არის დაკავშირებული. სწორედ ფსიქოლოგის ინსტიტუტის განვითარებას ეხებოდა დღევანდელი შეხვედრა, სადაც მოწვეულმა სტუმრებმა ფსიქოლოგის ინსტიტუტის განვითარებას ცალსახად დაუჭირეს მხარი. მანდატური თუ ფსიქოლოგი? – ამ ქითხვაზე ყველამ ერთმნიშვნელოვნად აღნიშნეს, რომ ერთი სისტემა მეორეს ვერანაირად ვერ ჩაანაცვლებს. პირიქით, სკოლაში მანდატურის მუშაობით შესაძლოა ფსიქოლოგის არსებობა კიდევ უფრო მეტად საჭირო გახდეს. დემოკრატიის ინსტიტუტი, სკოლის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მუშაობას აგრძელებს.




